ვინ ვართ ჩვენ

ქალაქ ნიუ იორკში ქართული ბიბლიოთეკის გახსნის იდეა 2020 წლის პანდემიისას გაჩნდა, თუმცა, გარკვეული ბარირების გამო განხორციელება გადაიდო და მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი ამ იდეისთვის ხორცის შესხმა. რისთვისაც გაერთიანდა სამეგობრო და საახლობლო წრე, ყველამ სახლიდან მოიტანა და შემოსწირა სახალხო ბიბლიოთეკას თავისი წიგნები. ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ჩვენთვის ძვირფასია, რადგანაც ეს წიგნები ჩვენი სიყვარულის გამომხატველია, ვისურვებდით რომ მეტმა ადამიანმა გადადგას მსგავსი ნაბიჯი და ერთად გავამდიდროთ ჩვენი წიგნის ფონდი. ყოველი შემომწირველის სახელი ეწერება წიგნს და ამით თქვენ ქართული მიგრაციის ისტორიაში იკავებთ საპატივცემულო ადგილს.

იმედს ვიტოვებთ, რომ გამოხატავთ წიგნის ფონდის გაზრდის სურვილს და დაგვეხმარებით, რათა ეს საშვილიშვილო საქმე არ გაჩერდეს და კიდევ უფრო გამდიდრდეს და შეივსოს წიგნებით.  თუ გაქვთ სურვილი დაგვეხმაროთ, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ორი გზით; 1) შემოგვწირეთ რამე ქართული წიგნი. 2) შეგიძლიათ შემოწრულობა გაიღოთ და ჩვენ შევიძენთ წიგნებს.

ჩვენი ინიციატივა საქველმოქმედო და მოხალისეობრივია. ბიბლიოთეკა ფიზიკურად განთავსებულია ბრუკლინში, პარკ სლოუპის უბანში, ყველაწმინდას ეპისკოპალური ეკლესიის გვერდითა ფლიგელში. ყველაწმინდას სამრევლოს მოძღვარმა, მამა სტივენ პაულიკასმა უანგაროთ დაგვითმო სივრცე, არა მარტო ბიბლიოთეკისთვის, არამედ სათემო შეხვედრებისთვისაც, ყოველი თვის ბოლო კვირადღეს 3-7 საათზე ვიკრიბებით და ვატარებთ კარგ დროს. ახლო მომავალში ვგეგმავთ ქართული კინო კლუბისა და წიგნის კლუბის ჩამოყალიბებას.

ონლაინ ბიბლიოთეკის გამოყენების საშუალება ყველას აქვს, ვინც იმყოფება აშშ-ს ტერიტორიაზე. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი წიგნებით, საჭირო იქნება მხოლოდ გამოგზავნის თანხა გადაიხადოთ. ეს თანხა შეადგენს 10$-ს (საბანკო ბარათით მომსახურების %, ამანათის შესაფუთი მასალა და წიგნის გამოგზავნა) ერთ ჯერზე, მკითხველს მაქსიმუმ 2 წიგნის გატანა შეეძლება და მის სარგებლობაში იქნება 1 თვის განმავლობაში, რომელიც უნდა დააბრუნოს იგივე მდგომარეობაში, როგორიც მიიღო.

ეს ინიციატივა სრულებით მოხალიეობრივ საწყისებზე მუშაობს, წიგნის ფონდი, კეთილი ადამიანების შემოწირულობით ივსება. გააკეთე კეთილი საქმე და შენც შემოგვწირე წიგნი, ერთად გავამდიდროთ ჩვენი წიგნის ფონდი, რომელიც ემიგრანტთა თაობებს დარჩება. ყოველ წიგნს ვაწერთ მისი შემომწირველის სახელს, შესაბამისად, თქვენი სახელიც შემორჩება ქართული მიგრაციის ისტორიას.

შემოწირულობის გაღება შეგიძლიათ როგორც წიგნების სახით, ასევე ფულადი შემოწირულობით, რომელსაც ჩვენი წიგნის ფონდის შესავსებად გამოვიყენებთ.

Facebook Twitter Instagram Linkedin Youtube